logo
ENG



მეგრელიშვილი: ჯაფარიძემ 4 პირობა წაგვიყენა - ერთერთი იყო, რომ ხალხს ნორმალურად ელაპარაკეთო

04 დეკ 202021:40
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/04/ldri03uhqd1b0wf.jpg

პარტია გირჩის წევრის ვახო მეგრელიშვილის თქმით, პარტიის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ოთხი პირობები წაუყენა.

მეგრელიშვილის თქმით, ერთერთი პირობა იყო, რომ გირჩის წევრები "ცენზურას დაქვემდებარებოდნენ და სენსიტიურ თემებზე საუბარი შეეწყვიტათ":

"მაგალითად მოგვთხოვა, რომ დავექვემდებარო ცენზრუას. ვიღაცას შევუთანხმო, რა საკითხზე ვილაპარაკო და რა საკითხზე არ ვილაპარაკო. სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. ჩემი აზრით, იაგოს განცხადებები საბაბი იყო, მაგრამ ძირითადი მიზეზი არ ყოფილა",-თქვა მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

ასევე, როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, ზურაბ ჯაფარიძის კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ ის, იაგო ხვიჩია და სანდრო რაქვიაშვილი პარტიის მმართველობას ჩამსოცილებოდნენ:

"ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოცილდითო. განმარტებები არ იყო, მოთხოვნები იყო.

ერთი მოთხოვნა იყო, მოწევას თავი დაანებეთო, მაგალითად სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც "პლანს".

კიდევ იყო ერთი მოთხოვნა, ადამიანებს ნორმალურად ელაპარაკეთო",-თქვა მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, მისთვის ოთხივე პირობა "მიუღებელი" იყო.

დღეს ზურა ჯაფარიძემ Facebook-ის მსხვილ, დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მეგრელიშვილთანხვიჩიასთან და რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტდა. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჯაფარიძეს საჯარო განმარტება აღარ გაუკეთებია. 

პარტიის პრესსამსახურის მხრიდან პოსტის ავთენტიკურობის დადასტურების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია, ვინ მიდის და ვინ რჩება პარტიაში. 

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია ამ გადაწყვეტილების მხოლოდ საბაბია, რომლის უკანაც არ იცის, რა დგას. 

თავად ჯაფარიძემ თავისივე პოსტში განაცხადა, რომ ხვიჩიას განცხადების შინაარსი, რომელმაც სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია გამოიწვია, მისი გადაწყვეტილების მიზეზი არ არის, თუმცა იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილების მიზეზების საჯაროდ განხილვას არ აპირებს. 

პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ მათ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე პოზიციების შეთანხმება მოსთხოვა. მისი თქმით, გუშინ ორჯერ სცადა ჯაფარიძესთან ტელეფონით დაკავშირება, თუმცა მას საუბრის სურვილი არ ჰქონდა. 

"სტატუსის მერე ზურასთან არ დამირეკავს, რადგან გუშინ ორჯერ მითხრა უარი საუბარზე. ზურა ჯაფარიძესთან მხოლოდ საჯარო კომუნიკაცია მექნება ამიერიდან", - აღნიშნა მეგრელიშვილმა. 

გირჩის კიდევ ერთი წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ჯაფარიძე მას, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს ულტიმატუმების ენით ელაპარაკა. რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ ჯაფარიძის მიერ არჩეული ურთიერთობის ფორმა არასწორია. 


close დახურვა